უწყებათაშორისი კომისიის მეხუთე სხდომა

2018 წლის 7 სექტემბერს, ,,საზოგადოებრივი დამცველის” წარმომადგენელი უწყებათაშორისი კომისიის მეხუთე სხდომას დაესწრო.

უწყებათაშორისმა კომისიამ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის მეხუთე სხდომა გამართა. სხდომას უძღვებოდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. ღონისძიებას ესწრებოდნენ კომისიის წევრები − აღმასრულებელი ხელისუფლების, საარჩევნო პროცესში ჩართული პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სხდომაზე განიხილეს პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ (გელა) სალუაშვილის განცხადება. მისი თქმით, დავით ბაქრაძისა და გრიგოლ ვაშაძის გარშემო გაერთიანებულ პარტიებს – კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს – კანონი აძლევს საშუალებას, დაასახელონ ე.წ. ტექნიკური საპრეზიდენტო კანდიდატები, მიიღონ დამატებით უფასო საეთერო დრო და დაფინანსება. არჩევნებამდე კი ტექნიკური კანდიდატები მოხსნიან კანდიდატურას მათი პარტიების მიერ რეალურად მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ. მიხეილ სალუაშვილის განცხადებით, ეს არღვევს სამართლიანობის პრინციპს სხვა კანდიდატებთან მიმართებაში, რომლებიც არ არიან კვალიფიციური სუბიექტების მიერ დასახელებულნი და იწვევს დამატებით ხარჯებს ბიუჯეტიდან. სალუაშვილმა რეაგირება კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისგან მოითხოვა. პასუხად პარტია „ახალი საქართველოს“ წარმომადგენელმა დაადასტურა ტექნიკური კანდიდატის არსებობა. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ამ საკითხს კომისია მომდევნო სხდომაზე დაუბრუნდება, თუმცა არჩევნების შემდგომ ის საკანონმდებლო დონეზე უნდა დარეგულირდეს.

ცესკოს წარმომადგენელმა კომისიას მიაწოდა ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევის პროცესის მიმდინარეობის შესახებ. კომისიის წევრებს მან ის კრიტერიუმები გააცნო, რომელთა გათვალისწინებით ხდება წევრების დანიშვნა. მან მოუწოდა სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს, აქტიურად დააკვირდნენ შერჩევის პროცესს.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *